ნიკა ამაშუკელს დღეს, 6 თებერვალს, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე ექვს ერში დებიუტი ექნება. ის მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება, ორი კვირის თავზე კი, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრაზე უკვე მთავარი მსაჯის რანგში წარდგება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტურნირზე ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი იმსაჯებს.
9 წლის წინ, როდესაც რაგბი ევროპამ ექვსი ერის 18-წლამდელთა ნაკრებებს ტიერ2-ის ორი საუკეთესო გუნდი დაამატა და ექსპერიმენტული ტურნირი ჩაატარა, ჭაბუკი ამაშუკელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა. მას კვლავ მოუწევს ბილი ბერნსთან შეხვედრა, რადგან ის ახალგაზრდულ ასაკში ინგლისის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ახლა კი ირლანდიის ნაკრების ღირსებას იცავს.
ჯერ არავინ იცის გაიხსნება თუ არა ექვსი ერის კარი საქართველოსთვის, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, ეს კარი პირველი ქართველისთვის ღიაა.







