ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ამ დონის ტურნირზე იმსაჯებს. ამაშუკელი ოთხ ეტაპზეა მივლენილი – დუბაი, სამხრეთ აფრიკა, ლონდონი და პარიზი. აქამდე ნიკას 7-კაცა რაგბში მხოლოდ შიდა ტურნირებზე უმსაჯია, ახალ გამოწვევას კი მოტივირებული ხვდება:
„სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივარ და სიხარულით ვიღებ ამ საინტერესო გამოწვევას. „მსოფლიო რაგბმა“ დააბრუნა ადრინდელი პრაქტიკა, რომლის თანახმად ტოპ-მსაჯები 7-კაცას გზასაც გადიოდნენ. ეს 15-კაცასგან განსხვავებული სპორტია, ბევრად უფრო მაღალი ტემპით და სხვა დატვირთვებით. ჩემთვის პრიორიტეტული 15-კაცა რაგბია, რის შესახებ „მსოფლიო რაგბის“ სამსაჯო კორპუსის მენეჯერ ჟოელ ჟუშსაც ვუთხარი, თუმცა მას სურს, რომ ნახოს როგორ მოვერგები ახალ გამოწვევებს და ეს დანიშვნა ჩემს 15-კაცა რაგბში მოღვაწეობას ხელს არ შეუშლის“.
„7-კაცა რაგბში თამაშის მიმდინარეობა განსხვავებულია, განსხვავებულად გაიცემა სანქციები და საჭიროა უმტკივნეულოდ მოახდინო ტრანზაქცია 15-კაცა რაგბიდან. მას განსხვავებული ფიზიკური მომზადება სჭირდება, რათა მოერგო 7-კაცა რაგბისთვის საჭირო კრიტერიუმებს და ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. ვეცდები სათანადოდ ვუპასუხო ამ უპრეცედენტო დანიშვნას და ღირსეულად წარვადგინო ჩვენი ქვეყანა“.
რადგან 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია, ამაშუკელი იმედოვნებს, რომ მსოფლიო სერიებზე წარმატებული მსაჯობის შემდეგ, მას ოთხწეულის უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზეც მიიწვევენ:
„მსოფლიო სერიებში დეკემბრიდან ჩავერთვები. დუბაისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, გაზაფხულზე ლონდონისა და პარიზის ეტაპებზე ვიმსაჯებ. ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ცნობილ სტადიონებზე იმართება. გიწევს ბევრი მოგზაურობა, რაც დამატებითი სტრესია. მიუხედავად ყველაფრისა, მუდამ უნდა იყო კარგ ხასიათზე და იმ სამსაჯო ჯგუფის სასიამოვნო წევრი, ვისთანაც მოგიწევს მუშაობა“.
„რაგბის ქომაგებმა კარგად იციან რამხელა მასშტაბის ტურნირებია მსოფლიო რაგბის სერიები. 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი გუნდურ სათამაშო სახეობებში და არის შანსი, რომ მომავალში იქაც მიმიწვიონ, რაც უდიდესი ბედნიერება იქნება“.






