NBA-ის ოფიციალური საიტის არგენტინულმა რედაქციამ სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი ხუან ესტევასი წერს, რომ დრაფტისთვის ქართველი ცოტა განსხვავებული მოთამაშეა, ვიდრე მაღალი კალათბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა.
“ფიზიკურად ძლიერი და მაღალია, თუმცა ეს ხელს არ უშლის ბურთის კარგად ტარებაში და შორი მანძილიდან სროლაში. ფარს დრიბლინგის საშუალებით უტევს. შეტევაში მრავალფეროვანი არსენალი აქვს, ასევე კარგად გამოსდის დაცვაში მოხსნისთვის ბრძოლა. ის ნამდვილი უნივერსალია”.
გამოცემა სანდროს პრობლემებზეც საუბრობს – “ის საკმაოდ ხშირად ისვრის სამქულიანებს, მაგრამ 34%-იანი სიზუსტე უკეთესის სურვილს ტოვებს, საჯარიმოებიდან 70%-იანი სიზუსტით სროლაც არ არის იდეალური და არც საშუალო სიშორის სროლების სიზუსტე”.
“მაგრამ საშალოდ 3.6 პასი ყოველ 40 წუთში მაღალი კალათბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგია. ჩვენ ვსაუბრობთ პლეიმეიკერზე, რომელიც ხშირად გვაგონებს ჯოშ მაკრობერტს. დიახ, მას აქვს სუსტი მხარეები, მაგრამ ტექნიკური დონე დიდებულია კალათბურთელისვის, რომლის სიმაღლეც 210 სანტიმეტრია”.
“დაცვა ერთმნიშვნელოვნად პრობლემაა – ის ფარის კარგ დამცველად ვერ ჩაითვლება. მოხსნა ნორმალურია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული”.
NBA-ის ერთ-ერთი ექსპერტი ჯეკ სიმონი მიიჩნევს, რომ ამ დრაფტიდან სანდრო მამუკელაშვილი და კესლერ ედვარდსი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეები იქნებიან.





