დასრულდა წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელიც ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით პირველის მსგავსად ისევ ბუდაპეშტში იმართება.
უნგრეთის დედაქალაქში თბილისის „დინამომ“ 4 მატჩი გამართა და ყველა წააგო. პრინციპში, რაიმე განსაკუთრებული მოხდაო ნამდვილად ვერ ვიტყვით. ერთადერთი, გერმანულ „ვასპო ჰამოვერთან“ უსუსური თამაში და სრული ფიასკო იყო გულზე მწარედ მოსახვედრი, თორემ დანარჩენ მეტოქეებთან მოგებაზე ფიქრი ილუზიის სფეროს განეკუთვნებოდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი „დინამომ“ ტურნირის უდავო ფავორიტთან „ბარსელონეტასთან“ გამართა და ერთადერთი საზრუნავი ალბათ დიდი ანგარიშით მარცხის თავიდან აცილება იყო, თუმცა ამაოდ. წყალბურთის ესპანურმა გრანდმა თბილისის „დინამო“ სოლიდური უპირატესობით 14:6 დაამარცხა.
ადრეც ვთქვით და განვმეორდებით, რომ ქართველი წყალბურთელებისთვის 12 საუკეთესო გუნდში ყოფნა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა უკვე დიდი მიღწევა და პრესტიჟია. დროთა განმავლობაში კი გამოცდილების მატებასთან ერთად მეტი გამარჯვებაც მოვა. ამჯერად კი „დინამო“ მონტენეგროულ „იადრანთან“ მხოლოდ ერთი მოგებით იწონებს თავს.





