დავიდ გოფინი მონპელიეს პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონია. ბელგიელმა მეჩოგნემ ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს სამ სეტში – 5:7, 6:4, 6:2 აჯობა და ტიტულიც დამსახურებულად ჩაიხუტა.
ნიშანდობლივია, რომ ესპანელი ჩოგბურთელი მონპელიეში პირველ ნომრად იყო განთესილი, ხოლო ბელგიელი მეორედ. ფინალშიც ერთმანეთს სწორედ ტურნირის ფავორიტები დაუპირისპირდნენ.
დევიდ გოფინისთვის მონპელიეში მოგებული ჯილდო კარიერაში ATP-ის მეხუთე ტიტულია. საფრანგეთიდან კი ორივე ჩოგბურთელი როტერდამის ტურნირზე გადაინაცვლებს, სადაც გაცილებით მაღალი დონის შეჯიბრში ჩაერთვებიან. როტერდამში იქნება ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
„ბედნიერი ვარ აქ გამარჯვებით. ამ ტურნირისთვის კარგად მოვემზადე და მოხარული ვარ, რომ შრომამ ფუჭად არ ჩაიარა. იმედია მონპელიაში კიდევ არაერთხელ მომიწევს ჩამოსვლა და თამაში“ – აღნიშნა დევიდ გოფინმა მატჩის შემდეგ.





