მესის და პელეს ამბავმა მსოფლიო პრესა რომ მოიარა ფეხბურთის მოყვარულთ ვგონებთ შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეთ. ამ ამბავს ბრაზილიური „სანტოსიდან“ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა და მესის რეკორდი გააპროტესტეს, არგენტინელს პელესთვის არ გადაუსწრია, პირიქით ჩვენ თანამემამულეს ათეულობით გოლი მოჰპარესო.
მოკლედ, ოფიციალური სტატისტიკით ლიონელ მესიმ პელეს ერთ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით გადაასწრო და ამას წყალი აღარ გაუვა. ამ თემაზე კი ხუმრობის ხასიათზეა ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გარი ლინეკერი.
ლა-ლიგის მორიგ ტურში, „ბარსელონამ“ სტუმრად „გრანადას“ 4:0 გადაურბინა, დუბლი კი მესიმ მიითვალა. სწორეს ამ მატჩის შემდეგ, ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა პელეს წაჰკბინა.
„4 გოლი ბოლო ორ მატჩში. ახლა მესი პელეს რეკორდს მხოლოდ 583 გოლით ჩამორჩება. ისე, მოიცათ, ახლა აღმოვაჩინეთ კიდევ 73 გოლი, რომელიც პელეს 14 წლამდე ნაკრებში გაუტანია, ასე რომ სხვაობა 656-მდე იზრდება“ – წერს ლინეკერი ტვიტერზე. იქვე, გარი ლინეკერი ამატებს – „რა თქმა უნდა პელე ყველა დროის უდიდესია. უბრალოდ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი“.
ლიონელ მესიმ „გრანადას“ ერთი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა. ამრიგად, არგენტინელ ფორვარდს ჯარიმიდან უკვე 48 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდუს გადაასწრო.








