საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაშისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათზე ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქართველმა ფეხბურთელებმა გუშინ გრონინგენის მარტინი პლაზაში ივარჯიშეს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუდნის კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
„აზერბაიჯანის გუნდმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ 0:2 ვაგებდით, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაცვიდან თამაში დაიწყეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაარჩევ მოწინააღმდეგეს მოკლე დროში. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული მეტოქეა, ვარჩევთ [მეტოქის თამაშის სტილს] და თამაში აჩვენებს. შეგვიძლია მოგება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – ციტირებს ზვიად კუპატაძის სიტყვებს სფფ-ის ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.








