ლიონელ მესი რომ კრიშტიანო რონალდუსთან ერთად რეკორდების მანქანაა არახალი ამბავია. ფეხბურთის გულშემატკივარი ამ ორი გენიოსისგან უნიკალური შედეგებით განებივრებულია.
ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც ლა-ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ალავესი“ 5:1 გაანადგურა, ხოლო ლიონელ მესიმ დუბლი მიითვალა. ეს რონალდ კუმანის გუნდისთვის ლა-ლიგაში ზედიზედ მე-12 მოგებული მატჩი გახლდათ, ხოლო ყველგან მოკირკიტე სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს კიდევ ერთი საინტერესო და არაჩვეულებრივი მაჩვენებელი დაუფიქსირებია.
მოკლედ, ლიონელ მესიმ ბოლო 10 წლის მანძილზე ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან 66-ე გოლი გაიტანა და ამ მხრივ არა ამა თუ იმ ფეხბურთელს, არაერთ გუნდსაც აჯობა. კერძოდ, მესის ესპანეთის ჩემპიონატში 31 გუნდზე უკეთესი შედეგი აქვს და მხოლოდ „რეალს“ (112) და „ატლეტიკოს“ (76) ჩამორჩება.
აქვე იმასაც დავძენთ, რომ მესიმ კარიერაში 138-ე დუბლი მიითვალა და რონალდუს შედეგი ერთით გააუმჯობესა.








