საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე, კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდმა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„უნდა ვაღიარო, რომ შვედეთთან გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი. ბიჭებმა ნაკლებად მოინდომეს, მაგრამ თამაში გავაანალიზეთ და ფეხბურთელებს ვესაუბრე. ამიტომ, ველოდებით, რომ საქართველოსთან გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.
ჩვენ არ გვაქვს პრობლემები. საქართველოსთან სტუმრად მოვიგეთ, საბერძნეთთან და ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, შესაბამისად, გუნდში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ ალბათ, საკმარისი არ არის. შვედეთთან ესპანეთმაც წააგო, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თუ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ადრე გვქონდა ტრავმებთან და კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები და მაშინ ამან გუნდზე გავლენა იქონია, მაგრამ ახლა არ გვაქვს“, – განაცხადა შალანდმა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბათუმში, კოსოვოს გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ხვალინდელი დაპირისპირება კი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.





