ბებერი ხარის რქებიც ხნავენო. მართალია, დიდებული კარიერის საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა, მაგრამ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია და ვფიქრობთ, უკვე ასაკში შესული სპორტსმენების მიმართ ბოლო ხანს დამკვიდრებული ეს სიტყვა მას არასდროს მოერგება.
ლიონელ მესი ლეგენდაა. კრიშტიანო რონალდუსთან ერთად თანამედროვე ფეხბურთში ისეთი ეპოქის შემქმნელი, ფეხბურთის ქომეგების ტვინში სამუდამოდ რომ ჩაიბეჭდა.
ამასობაში, 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, მერამდენე რეკორდს უტევს სათვალავი ალბათ თავადაც აერია. ლა-ლიგის მე-13 ტურში, „ბარსელონამ“ შინაურ არენაზე „ლევანტეს“ 1:0 სძლია. ნუ, ამაში გასაკვირი არაფერია და არც იმაში, რომ ერთადერთი გოლი სწორედ მესიმ გაიტანა, მაგრამ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული.
ლიონელ მესი ფეხბურთის მეფედ აღიარებული, ბრაზილიელი პელეს რეკორდს უახლოვდება. „ლევანტეს“ კარში გატანილი გოლი მესისთვის „ბარსელონას“ რიგებში 642- გახლდათ და ამ მაჩვენებლით თითქმის პელეს დაეწია.
მართალია, სტატისტიკოსებსა და საფეხბურთო მკვლევარებში ამ საკითხზე დიდი სჯა-ბაასი და კამათია, თუმცა ოფიციალური ვერსიით მესი პელესთან ერთა ნაბიჯშია. რეკორდი კი ერთ გუნდში გატანილ გოლებს ეხება. პელემ, კარიერის უმთავრესი ნაწილი მშობლიურ „სანტოსში“ გაატარა და 643 გოლი გაიტანა.








