ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოფარიკავეთა შეჯიბრის ნახევარფინალში სანდრო ბაზაძისა და უნგრელ არონ შილაგს შორის მომხდარმა ეპიზოდმა გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მატჩის დასასრულს, როდესაც ანგარიში 13:13 იყო მსაჯმა ქართველი მოფარიკავის საწინააღმდეგოდ უხეში შეცდომა დაუშვა. არბიტრს სანდროსთვის აშკარა ქულა უნდა ჩაეთვალა, რის შემდეგაც ანგარიში 13:14 გახდებოდა და ბაზაძეს ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დარჩებოდა. თუმცა, ეგვიპტელმა მსაჯმა ქულა მოწინააღმდეგეს მისცა, რამაც ქართველი მოფარიკავის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საბოლოოდ სანდრო 15:13 დამარცხდა.
“პრაიმ სპორტი” საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების ლიდერს, ირმა ხეცურიანს დაუკავშირდა და აღნიშნული ეპიზოდის შეფასება სთხოვა:
– დაუმსახურებლად და უსამართლოდ წააგებინეს სანდრო ბაზაძეს, შეცდომა ბრძოლის კულმინაციის დროს დაუშვა მსაჯმა და ეს მოქმედებს სპორტსმენზე, მის ფსიქიკაზე… სანდრო უდაოდ ფავორიტია ფარიკაობაში და ბევრჯერ გვასახელებს ვიცი, თუმცა დღეს მედალი მოგვპარეს და ეს ყველაზე სამწუხარო ფაქტია. იყო რამოდენიმე ფრაზა რომელიც ასევე საეჭვო იყო მაგრამ მაინც სანდროს მეტოქეს ჩაუთვალეს… არ ვიცი, ხშირად ცდებიან მსაჯები, ეს ზოგადი პრობლემაა საფარიკაო ოჯახში.
– უშუალოდ ეპიზოდზე რას გვეტყოდი?
– სანდრო ბაზაძის სუფთა შეტევა იყო რაც ნათლად ჩანდა შენელებულ კადრებში თუმცა მსაჯმა გადაწყვიტა საერთოდ სხვანაირად განემარტა და ვერ ვხვდები რატომ. როგორც არ უნდა გაარჩიოს მსაჯმა ეს ფრაზა – ანუ, მან თქვა შეტევაში სანდრომ ვერ მოარტყა პირველი და შემდეგ შილაგმა დაუბრუნა დარტყმა, ასეც რომ განიხილო ეს ფრაზა მაინც სანდროს დარტყმა იყო ბოლოშიც და თავშიც, შილაგი შეჩერდა და მერე გადაწყვიტა ემოქმედა ეს უკვე შეცდომაა…
საბოლოოდ, სანდრო ბაზაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელ მოფარიკავესთან დამარცხდა და ოლიმპიადაზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.





