საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში სამხრეთ აფრიკელი ექიმების საუკეთესო გუნდია ჩართული. ამასთან, ყოველდღიურ რეჟიმში მაისაშვილის მდგომარეობას სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი, ბექა დვალი და ავტორიტეტული ქართველი ექიმი, ვახტანგ რეხვიაშვილი აკვირდებიან.
„საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო
ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ.
ვუსურვოთ გამოჯანმრთელება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი სამხრეთ აფრიკული ტურნეს დროს იოჰანესბურგში დაუდასტურდა და ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
„პრაიმ სპორტის“ რედაქცია ლევან მაისაშვილს დროულად გამოჯანმრთელებას უსურვებს და საქმისადმი რაც შეიძლება მალე დაბრუნებას უსურვებს.








