საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ვილი სანიოლის ხელში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად რუმინეთის ნაკრებს შეხვდებიან.
თამაშამდე საქართველოს ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა:

„ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.
საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.
საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა სანიოლმა.
მოახლოებულ შეხვედრაზე „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამაც ისაუბრა:

„იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბრისთვის.
რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს საამაყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ცდილობს ჩვენს დახმარებას, გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი რუმინეთთან მატჩისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება. რუმინეთთან მატჩის შემდეგ სანიოლის გუნდი 6 ივნისს ნიდერლანდების ნაკრებსაც შეხვდება.





