ეჭვგარეშეა, რომ მარეკ ჰამშიკმა თავისი მძლავრი სიტყვა თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში თქვა. სლოვაკი ფეხბურთელი განსაკუთრებით ყოჩაღად იტალიის ჩემპიონატში ყოფნის დროს გამოიყურებოდა, როდესაც 2007-2019 წლებში „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაც გახლდათ.
ორი წლის წინ, ჰამშიკმა ევროპის დატოვება და ჩინეთში გადაბარგება გადაწყვიტა, თუმცა როგორც ჩანს იქ დიდხანს ვერ გაძლო. 33 წლის სლოვაკმა შემტევმა „დალიან ჰიიფანთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ბებერ კონტინენტზე დაბრუნება გადაწყვიტა.
მარეკ ჰამშიკი ამჯერად ტოპ ხუთ ჩემპიონატში არ ითამაშებს, თუმცა ალბათ ეს დროებითი ამბავი იქნება. ჰამშიკი 3 თვით სამშობლოში დაბრუნდება და ბრატისლავის „სლოვანისთვის“ გაირჯება, სადაც კარიერის დასაწყისში 2002-2004 წლებში აგორებდა ბურთს. ამის შემდეგ ჰამშიკი „ბრეშაში“ გადავიდა, იქიდან კი უკვე ნეაპოლიტანურ გუნდში, სადაც გაითქვა კიდეც სახელი.
როგორც ავღნიშნეთ, ჰამშიკი სლოვაკეთში ზაფხულამდე დარჩება, შემდეგ კი სხვა გუნდების წინადადებებს დაელოდება.





