ამას წინათ ვწერდით, რომ ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, თანამედროვე ჩოგბურთის სამი დიადი ერთად მაიამის მასტერსზე შეიკრიბებოდნენ.
სამწუხაროდ, სამეფო სპორტის მოყვარულთ იმედები უნდა გავუცრუოთ. როჯერ ფედერერმა თავდაპირველი თანხმობა გადათქვა და მაიამის უპრესტიჟულეს მასტერსზე აღარ იასპარეზებს. ისე, ამ უარით შვეიცარიელი ლეგენდა 1000 ქულას დაკარგავს, რადგან ის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. გეცოდინებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო მაიამის მასტერში შარშან აღარ გამართულა და როჯერმაც იქ 2019 წელს იჩემპიონა.
როჯერ ფედერერის აზრის შეცვლის მიზეზი მის ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება. მაესტროც და მისი აგენტი ტონი გოდსიკიც მიიჩნევენ, რომ მარტის თვეში ერთბაშად 3 ტურნირზე მონაწილეობა ფედერერის ასაკიდან გამომდინარე მარტივი არ იქნება.
შეგახსენებთ, როჯერი, რომელიც კორტზე 2020 წლის იანვრიდან აღარ გამოჩენილა, 3 მარტიდან დოჰას ტურნირში ჩაერთვება, ხოლო შემდეგ დუბაიში გადაინაცვლებს.





