მადრიდის მასტერსი ალექსანდრე ზვერევის ტრიუმფით და დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. პირში ენა არავის მოუბრუნდება თქვას, რომ გერმანელმა მეჩოგნემ ეს მასტერსი შემთხვევით მოიგოო.
24 წლის ზვერევმა მადრიდში გაჩემპიონებამდე გზად ისეთი მონსტრები ჩამოიშორა, როგორებიც რაფაელ ნადალი და დომინიკ ტიმია.
ფინალში ზვერევმა მატეო ბერეტინი დაამარცხა. იტალიელი ჩოგბურთელი რეიტინგის მე-9 ნომერია და კარიერაში პირველი მასტერსის ტიტულთანაც ახლოს იყო, თუმცა არ გამოუვიდა.
მატჩი ფინალის შესაფერისად დაძაბული და დრამატული გამოდგა. თითქმის 3 საათიანი ჯახი კი საბოლოოდ ზვერევმა 6:7, 6:4, 6:3 მოიგო და მასტერსის ტიტულს კარიერაში მეხუთედ დაეუფლა, უშუალოდ მადრიდში კი მეორედ იმარჯვა.
ამ მაჩვენებლით ზვერევი მოგებული მასტერსების რაოდენობით მხოლოდ დიდ ოთხეულს ჩამორჩება. მადრიდში გამარჯვებით ალექსანდრე ზვერევმა 1000 სარეიტინგო ქულა და 315 ათასი ევრო გამოიმუშავა.





