თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო თოთხმეტმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი გაბაძე გახლავთ.
გიორგიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი განათავსა:
„პირველი ფოტო 2008 წელს არის გადაღებული, მეორე კი-13 წლის შემდეგ. იგივე გუნდი, იგივე ფორმა – იგივე ნომრით. 13 წელი ლოკომოტივში გავატარე. გუნდში, რომელმაც ყველაფერი მომცა. მასწავლა არამარტო ფეხბურთი, არამედ ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება.
გუშინდელი დღესავით მახსოვს 2008 წელი, როდესაც პირველად ჩავიცვი ლოკომოტივის ფორმა – 27 ნომრით, რომელიც სიმბოლურიც კი გახდა ჩემს ცხოვრებაში.
ამ დროის განმავლობაში ერთად გვიწევდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდების გადალახვა. იყო ბევრი სიხარული, ემოცია, გამარჯვება, ასევე მარცხი და იმედგაცრუება.
ლოკომოტივი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება, რადგან ეს არის ოჯახი, რომელშიც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი წვლილის შეტანას.
დღეს კი, ჩემს საფეხბურთო კარიერიაში მძიმე დღეა.
ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი რომ დადგა დრო, როდესაც მიწევს გუნდის დატოვება იმ რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახლა დგას იგი.
მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, დირექციას და სამწვრთნელო ჯგუფს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და რაღათქმაუნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდელებს, ბიჭებს – რომლებთან ერთადაც გამორჩეული მოგონებები მაკავშირებს არამარტო სტადიონზე, არამედ სტადიონის მიღმა.
წარმატებებს გისურვებთ!“ – განაცხადა გიორგი გაბაძემ.







