ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობას, ფეხბურთის ფედერაციასაც, ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გარვეული თანხა ერიცხებოდა. რა თქმა უნდა ყველას ერთნაირად არა, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. სფფ-სთვის 6,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების თუ ეროვნული ნაკრების მზადებას, მგზავრობას და სხვა უამრავ წვრილმანს ხმარდებოდა.
ამიერიდან კი ასე აღარ მოხდება. ყოველშემთხვევაში წელს მაინც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, 2021 წელი მოხდება ის პრეცენდენტი, როდესაც სფფ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრსაც აღარ აიღებს. ეს განცხადება მან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში, ყველა სახეობაზე და მათ შორის ფეხბურთზეც ყოველთვის არის გაწერილი თანხები, წელს ჩვენ გამონაკლისს დავუშვებთ და თეთრსაც აღარ ავიღებთ. შარშანაც, გამოყოფილი 6,7 მილიონი ლარიდან, 4,2 გამოვიყენეთ და ნაშთი უკან დავაბრუნეთ. წინა წლებშიც იყო შემთხვევები, როდესაც იმაზე ნაკლები დავხარჯეთ, ვიდრე გვეკუთვნოდა.
ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ იკითკენ უნდა წავიდეთ, ბიუჯეტიდან რაც შეიძლება ცოტა თანხა მოვითხოვოთ. ჩემი მიზანი ყოველთვის ეს იყო და ამას მუდამ საჯაროდ ვაფიქსირებდი. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის ფულზე დიდად ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და დაფინანსება თავად მოვიპოვოთ.
მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან არაფერს ავიღებთ. ქვეყანაში რთული მდგომარეობაა და ეს ნაბიჯიც მიზანმიმართულად ამიტომ გადავდგით. სახელმწიფოს უკვე ვუთხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი ლარი, რომელიც უკვე წინასწარ გვქონდა დამტკიცებული“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.
აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ ეს არ ეხება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.





