საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ჭადრაკის საერათაშორისო ფედერაცია 1924 წელს საფრანგეთის დედაქლაქ პარიზში დაფუძნდა, 1961 წლიდან კი ჭადრაკის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჭადრაკო საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები და ლეგენდარული მოჭადრაკეები.
ამავე დროს, ღონისძიებაზე საგანგებოდ ლიონელ მესისთვის დამზადებული საჩუქარი წარადგინეს. „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მაისურა გამოუგზავნა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ნონა გაფრინდაშვილს საპასუხო საჩუქრის შერჩევაში კომპანია „ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც საგანგებოდ ლიონელ მესისთვის მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკი დაამზადეს და კოპა ამერიკაზე გამარჯვება მიულოცეს. ეს იქნება ფეხბურთის მეფისთვის ჭადრაკის დედოფლის სიმბოლური საჩუქარი.
ნონა გაფრინდაშვილი:
„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ „ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა და მთელი სტადიონი ყვიროდა „მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“.








