მოსკოვში ჩატარებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა ლაშა ტალახაძემ, რუსეთის დედაქალაქიდან 3 ოქროს მედალი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები ჩამოიტანა.
ქართული დელეგაცია მოსკოვიდან გვიან ღამით დაბრუნდა და მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ადამიანმა კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა.
„ძალიან დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული, რადგან რაც მქონდა გეგმა, თითქმის ბოლომდე შევასრულე, ჩემს ფიქრებში ცოტა მეტიც შემეძლო, თუმცა მწვრთნელებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და დავემორჩილე მათ გადაწყვეტილებას.
სასიამოვნოა, რომ ახალი რეკორდით დავბრუნდი, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი, მოსკოვში საქართველოს ეროვნული ჰიმნის აჟღერება იყო, რაც კარგად გამომივიდა. ვფიქრობ მთელმა გუნდმა ასახელა ქვეყანა და ვთვლი, რომ მაღალი დონის გამოსვლა გვქონდა.
ბევრჯერ ითქვა, რომ შესაძლოა ტურნირის ჩატარების ადგილი შეიცვლებოდა, თუმცა შინაგანად ძალიან მინდოდა, რომ ის მოსკოვში ჩატარებულიყო და სწორედ იქ ამეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. ყველაზე სიმბოლური ანტონ პლესნოის გამოსვლა გამოვიდა, რადგან მან ამის გაკეთება 9 აპრილს მოახერხა.
აკვრაშიც მინდოდა მსოფლიო რეკორდზე წასვლა, თუმცა მწვრთნელებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და როგორც ვთქვი მე მათ გადაწყვეტილებას დავეთანხმე, რადგან ასე უმჯობესი იყო. ორჭიდში ახალი მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ და ეს შესანიშნავი შედეგია.
რამდენიმე თვეში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახლა ზედმეტი რისკის დრო არ არის. იაპონიის დედაქალაქიდან კი პირველ რიგში გამარჯვებას ველი, თუმცა ახალ მსოფლიო რეკორდებზეც შეიძლება ფიქრი.” – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.








