ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მიჯრით მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ფინალური დაპირისპირება ბელგიელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.
ფინალურ ბრძოლას, ტატო გრიგალაშვილის მარცხს და ზოგადად მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„დღევანდელი ფინალის შემდეგ რათქმაუნდა ბევრი აზრი იარსებებს. წავაგეთ, მსაჯის ბრალია , დაგვჩაგრეს, იყო ან არიყო გდება და სხვა.
რა თქმა უნდა, ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ პათეტიურ კითხვას დავსვამთ : თქვენ თვლით რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა გვეჭიდავა, ანუ უკეთ ?!
თუ კი მაშინ იქ წავაგეთ სადაც ეს არ ან ვერ გავაკეთეთ, დანარჩენი შემთხვევითობის და ბევრი სხვა ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება, რაც ხან ასეა და ხან ისე . დღეს იყო ასე და მოვიგეთ ვერცხლი და პლუს გამოცდილება იმის რომ ,,ისე “- ს იმედზე არასოდეს ვიყოთ .
მადლობა ტატოს.
მადლობა ყველა გულშემატკივარს. მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება“ – წერს ლაშა გუჯეჯიანი.








