ყაზანის „რუბინმა“ 2021-2022 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. შეკრებაზე ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილიც არიან გამოძახებულები.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე აქტიური საუბრები მიდის, ამ დრომდე კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა, რის გამოც 20 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის მზადებას რუსულ გუნდში დაიწყებს.
ხვიჩამ გასულ სეზონში 23 მატჩში, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. მას ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
ზურიკო დავითაშვილი კი იჯარის წესით „როტორში“ თამაშობდა, სადაც არც გოლი გაუტანია და საგოლე პასიც არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის „რუბინში“, მაგრამ ფაქტია, მზადებას ამ კლუბში დაიწყებს. ზურიკოს ყაზანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.





