„ბარსელონამ“ ლა-ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. კუმანის ბიჭებმა მიმდინარე სეზონში ყოჩაღად მოთამაშე „სოსიედადს“ შინაურ კელდებშ 2:1 აჯობა. ნიშანდობლივია, რომ მატჩში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა კატალონიელებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება შეძლეს.
ბუნებრივია, მატჩის შედეგით კმაყოფილი იყო რონალდ კუმანი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს 3 ქულა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან სატურნირო ცხრილში უჩვეულო პოზიციაზე ვიმყოფებით და მდგომარეობის გამოსწორება გვმართებს.
„სოსიედადი“ კარგი გუნდია. წლეულს ის ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს და ჩემპიონატსაც ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით და ვაგებდით, გონს დროზე მოვეგეთ და მოვიგეთ. ფანტასტიური პირველი ტაიმი გვქონდა. პრესინგსაც ორგანიზებულად ვთამაშობდით და საერთოდაც საკუთარ თავს ვგავდით“ – თქვა კუმანმა.
„ბარსელონას“ რიგებიდან თავი გოლებით ალბამ და დე იონგმა გამოიჩინეს. ამ ეტაპზე, კატალონიური გრანდი 20 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კუმანის გუნდს 19 დეკემბერს, სტუმრად „ვალენსიასთან“ ელის.








