ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება კოპენჰაგენისკენ იყო მიმართული, სადას საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა.
დანიის და ფინეთის ნაკრებებს შორის მომხდარი ინციდენტი გულშემატკივარს ალბათ არასოდეს დაავიწყდება და კიდევ დიდხანს იქნება განხილვის თუ მსჯელობის საგანი.
კრისტიან ერიქსენის ამბავმა მთელი სპორტული სამყარო შეძრა. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და დანიელი ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა რთული სათქმელია გაგრძელდება თუ არა მისი კარიერა.
ამასობაში, პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა „გაძეტა დელო სპორტმა“ კრისტიან ერიქსენის ექსკლუზიური კომენტარი გაავრცელა.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მინდა გავიგო რა დამემართა. გეტყვით, რომ დანებებას არ ვაპირებ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ“ – უთხრა ერიქსენმა მედიას.





