უეფაში გროშებზე რომ არავინ მუშაობს გასაკვირი არ უნდა იყოს, მითუფრო თუ საუბარია მაღალი თანამდებობის მქონე პირებზე.
პანდემიამ ფინანსური კრიზისი ყველა დარგს შეუქმნა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ფეხბურთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის ხელფასი წინა წელთან შედარებით 25% გაიზარდა.
2019/2020 წლებში, სლოვენიელმა ფუნქციონერმა ანაზღაურების სახით 2,19 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნული თანხა 450 ათასი ევროთი მეტია, ვიდრე მან წინა სეზონში გამოიმუშავა.
თხა თხაზე ნაკლებიო და ხელფასის მატება შეეხო უეფას გენერალურ მდივანს თეოდორ თეოდორისსაც. ჩეფერინის მარჯვენა ხელს სახელფასო ანგარიშზე წლიურად 1,23 მილიონი ევრო ჩაერიცხა, რაც წინა სეზონში მიღებულს თანხას 164 ათასით აღემატება.





