დაღესტნელი მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მიერ კარიერის დასრულებაზე განცხადების გაკეთებამ სპორტის ამ სახეობის უამრავი ქომაგი დაამწუხრა. ეწყინა თავად UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითსაც, რომელიც მას შემდეგ ცდილობს ხაბიბი დაბრუნებაზე დაიყოლიოს.
მედიაც, ნურმაგომედოვს არ ეშვება და ყოველი შესაძლებლობის დროს, 32 წლის მებრძოლს და მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონს მხოლოდ ერთი კითხვით მიმართავს – „როდის დაბრუნდებით?“
ასე იყო ამჯერადაც, რაზეც ხაბიბმა უპასუხა – „ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე ან მარტივად არ მიმიღია. ბევრი ვიფიქრე. დაბრუნება? ვერ გეტყვით, ამ კითხვაზე გადაჭრით პასუხი შეუძლებელია. ყველაფერს მხოლოდ დრო გამოაჩენს“– ამბობს ნურმაგომედოვი.
ხაბიბმა, ბოლოს ამერიკელი ჯასტინ გეიჯი გალახა, მსოფლიო ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა და ოქტაგონი წაუგებელმა დატოვა. დაღესტნელის ანგარიშზე კარიერაში 29 გამარჯვება და არცერთი მარცხია.





