1979 წლიდან არგენტინის ნაკრებს ფრანგული სპორტული ფირმა Le Coq Sportif (,,სპორტული მამალი”) მოსავდა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ბილარდომ, რომელიც მცირე დეტალსაც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ფირმას სპეციალურად Air-Tech-ის სისტემის მაისურები შეუკვეთა.
ასეთი მაისური ადვილად ატარებდა ჰაერის ნაკადს, რაც სპოტსმენის სხეულისთვის ერთობ საჭიროა. მით უფრო, თუ მექსიკის კლიმატურ პირობებს გავითვალისწინებთ, სადაც გუნდებს ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში უწევდათ შეხვედრების გამართვა.

ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთამერიკელებმა ჩვეულ – თეთრ-ცისფერზოლიან მაისურებში ითამაშეს, მაგრამ მერვედფინალში ურუგვაელებთან მაისურის ფერების მსგავსების გამო, ბილარდოს ბიჭებს სათადარიგო ფორმის ჩაცმა მოუხდათ.

არგენტინელთა საუბედუროდ Le Coq Sportif-ი Air-Tech-ის სისტემას მხოლოდ ძირითადი ფორმისთვის იყენებდა. ჰაერგაუმტარი მაისურით თამაშის დროს კი ოფლი ფორმას ასველებს და წონასაც მატებს, აგრეთვე ოფლდენისას ფორებს ახშობს. ურუგვაისთან შეხვედრის შემდეგ არგენტინელები ძალიან დაღლილები იყვნენ. კარლოს ბილარდოს ინგლისელებთან აღარ სურდა იგივე სიმწრის გამოცდა და ლურჯი ფორმით თამაში იუარა. თუმცა არგენტინელთა პასუხისმგებელმა პირმა ეკიპირების დარგში ბილარდო მწარე რეალობის წინაშე დააყენა – რუბენ მოშელამ მწვრთნელს უთხრა, რომ ასეთ მოკლე დროში ფირმა ვერ მოახერხებდა ლურჯი ფორმის Air-Tech-ის სისტემით შეკერვას.

კარლოს ბილარდო ისე გაწიწმატდა, რომ ფორმას მაკრატლით დაჩხველტა დაუწყო. მოშელას სხვა გზა აღარ ჰქონდა და მეხიკოში Le Coq Sportif-ის ყველა მაღაზია მოიარა, საიდანაც ხელცარიელი არ დაბრუნებულა. მან ბილარდოს ორი ფერის – შედარებით ღია და მასზე მუქი მაისური მოუტანა. მწვრთნელს უკმაყოფილება დაეტყო. მათ საუბარს მარადონა შეესწრო და მწვრთნელს მუქ ფომაზე მიუთითა: ,,კარლოს, ეს ფერი წავა”. კაპიტნის დასტურის შემდეგ საჭირო იყო არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის დაყოლიება, რათა მაისურზე ემბლემა სახეშეცვლილი დაეკერებინათ. ასევე იყო ნომრების პრობლემა, რომლებიც მოშელამ ექსტერნად შეიძინა.

ყველაფერი ამის შემდეგ საჭირო იყო იმ ადამიანთა მოძიება, ვინც ამ ყველაერს საბოლოო სახეს მისცემდა და დასახმარებლად კლუბ ,,ამერიკას” მკერავებს მიმართეს. იმპროვიზირებული და უჩვეულო სამუშაო თამაშის დაწყებალმდე ერთი საათით ადრე დასრულდა.








