საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა გაავრცელა.
„ჩვენმა გულშემატკივრებმა ჯაბა კანკავა თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. მან კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა“, – წერია „ვალენსიენის“ Facebook-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში „ვალენსიენის“ შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე შეუცვლელად ითამაშა.
კანკავას გუნდი სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „პარიზს“ 8 ქულით ჩამორჩება.





