გადაიარა მარტის სანაკრებო ბატალიებმა. საქართველოს ნაკრებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, თუმცა ფეხბურთში მთავარი ყოველთვის ტაბლო იყო, არის და იქნება. ჯვაროსნებმა 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, პროგრესი აშკარად შეინიშნება.
მედია და საფეხბურთო ექსპერტები ცივი გონებით ვილი სანიოლის დებიუტს და ნაკრების ამ 3 თამაშს კიდევ არაერთხელ შეაფასებენ. მანამდე კი კახა ცხადაძის ნააზრევს გავეცნოთ, რომელიც გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი გახლდათ. ვფიქრობთ, ეროვნული ნაკრების თემაზე მისი კომენტარი გულშემატკივრებისთვის ინტერესმოკლებული არასოდეს ყოფილა.
„მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ახალ მწვრთნელს დრო არ ქჰონდა, რომ გუნდი სრულფასოვნად მოემზადებინა. მას მუშაობა ფორსმაჟორულ ვითარებაში მოუხდა.
მადლობა სანიოლს იმისთვის, რომ დაამსხვრია ის მითი, თითქოს ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მიწვევა ნაკრებში უადგილოა და მხოლოდ ლეგიონერების იმედან უნდა ვიყოთ.
სასიამოვნოდ გამაკვირვა გიორბელიძემ. მისი სახით ვფიქრობ ჩვენ ნაკრებს კარგი მარცხენა მცველი ეყოლება. მას ყველაფერი წინ აქვს.
საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი გამოცდილმა მცველმა გურამ კაშიამ. ის საუკეთესო იყო.
რა დაგვანახა ამ თამაშებმა? ის რომ ვილი სანიოლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად თამაშობს. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს და ამას ყველანი მივესალმებით.
გამიხარდა, რომ შანსი მიეცა ბუდუ ზივზივაძეს. ესპანეთთან ბუდუ სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ მომდევნო მატჩში მაინც ენდო და ეს ძალიან მესიამოვნა.
ბევრი იშრომა ოთარ კიტეიშვილმაც. ის ნაკრებისთვის ძალზედ გამოსადეგია და დიდ ძალას წარმოადგენს.
შეტევაში მეტი სამუშაო გვაქვს. ჩემი აზრით ვილიმ ესპანეთთან მეორე ტაიმში თამაში ვერ წაიკითხა, რაც შეცვლებშიც აისახა. ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელია 90 წუთის განმავლობაში უნდა გამოგვეყენებინა. კი დაიღალა და ალბათ იმიტომ შეცვალა, მაგრამ მისი ენერგია დაცვაში სირბილში არ უნდა დახარჯულიყო.
თავს ნუ მოვიტყუებთ. ვთამაშობთ თითქმის იგივე ფეხბურთს, რასაც ვაისის დროს ვთამაშობდით. ერთადერთი განსხვავება ალბათ ის არის, რომ სანიოლი უფრო პროგრესული მწვრთნელია, ვიდრე ვაისი იყო. ტაქტიკით და სტილით ჯერ არაფერი შეცვლილა. პოზიტიური ნიშნები ბუნებრივია შევნიშნე, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ჯერ არა.
ჩემი აზრით შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო. შეტევითი პოტენციალი გვაქვს და ამას კარგად დალაგება სჭირდება. პრესინგიდან ბურთის სწორად ამოტანა თუ არ ვისწავლეთ, მაშინ პირველ ნომრად ვერასოდეს ვითამაშებთ“ – აღნიშნა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.





