„ინტერისგან“ განსხვავებით „ნაპოლი“ ევროტურნირებზე შემორჩა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს, მაგრამ იტალიის ჩემპიონატშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.
ნეაპოლიტანელებმა „ინტერთან“ პრინციპული დაპირისპირება 0:1 დათმეს და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა სეზონის დიდი ნაწილი წინ არის.
იმედგაცრუებულია „ნაპოლის“ მწვრთნელი ჯენარო გატუზო, რომელიც თვლის, რომ წაგების თავიდან აცილება შეიძლებოდა.
„ვფიქრობ მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი ხომ გოლია. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წესების დარღვევითაც კი ვერ გავიტანდით. უბრალოდ ბურთს არ სურდა კარის ხაზი გადაეკვეთა.
ტაქტიკური მატჩი გამოდგა. სანახაობრივ მხარეზე მეტად ყურადღება ამ კომპონენტზე გავამახვილეთ. ვეცადეთ განსხვავებულად გვეთამაშა და დასახული მიზნისთვის მიგვეღწია, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ მერტენსმა ტრავმა მიიღო. იმედია მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება“ – ასე შეაფასა ჯენარო გატუზომ თავისი გუნდის მარცხი.





