გეგულებათ ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელსაც შეტევითი სტილი, ნაირგვარი კომბინაციები და გოლთაცვენა არ ხიბლავდეს? გვეეჭვება დედამიწის ზურგზე ასეთ ქომაგს მიაგნოთ.
გამონაკლისი არც ჯანი ინფანტინოა. ფიფას პრეზიდენტს სურს ფეხბურთი იმაზე გაცილებით შეტევითი გახდეს, ვიდრე ახლაა და ამის მისაღწევად, ერთ-ერთ საკვანძო საკითხად თამაშგარე მიაჩნია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს, ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს, თამაშგარის წესს გადახედოს და მის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
ინფანტინოს თქმით, თამაშგარის გამო გაუქმებული გოლი ხშირად გამხდარა საკამათო თემა და კარგი იქნება თუ ეს ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. რა თქმა უნდა, რთულია რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება, რადგან ყველა მსაჯს თუ ექსპერტს თავისი გამყარებული აზრი აქვს, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა შესაძლებელი უნდა იყოს.
„თამაშგარეს გარეშე ფეხბურთი ის არ იქნებოდა, რაც არის და ალბათ მსოფლიოს ნომერ პირველი სახეობაც ვერასოდეს გახდებოდა. ეს ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი წესია და თავის დროზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს მის კიდევ უფრო დახვეწაზე არ ვიზრუნოთ. ჩვენი სურვილი შეტევითი ფეხბურთის განვითარებაა“ – ამბობს ჯანი ინფანტინო.
ფიფას პრეზიდენტმა კომენტარი VAR-ის თემაზეც გააკეთა.
„ამ ტექნოლოგიის დანერგვამ მსაჯები ამოასუნთქა და შეცდომებმაც იკლო, თუმცა დახვეწა მასაც ესაჭიროება. ნუ დაგვავიწყდება, რომ VAR-ი ჯერ მხოლოდ ორი წლის არის“.
„





