აშკარაა, რომ „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში საკუთარ თავს არ ჰგავს. პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონებს კრიზისული პერიოდი უდგათ, რასაც მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც ხედავს და აღიარებს.
მომდევნო ტურში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ლესტერთან“ 1:3 წააგო. მანამდეც კლოპი და კომპანია „მანჩესტერ სიტისთან“ საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა. გუნდი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერებს სოლიდური სხვაობით ჩამორჩება და საჩემპიონო რბოლასაც ჩამოშორდნენ. იურგენ კლოპმა ეს უკვე აღიარა.
„ძნელი დასაჯერებელი და რთულად შესაგუებელია, მაგრამ შევეგუეთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლა აღარ იქნება.
ლესტერი კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ამიტომაც, ვიცოდით რომ ადვილი დაპირისპირება არ გველოდა. ბიჭებმა მოსაგებად მაქსიმუმი გაიღეს, თუმცა მაინც დავმარცხდით. ეს ფეხბურთია.
არბიტრები და ვიდეო რეფერი ხანდახან ცდებიან. მათ შეცდომებს ვერ გამოვასწორებთ, თუმცა რაც ჩვენზეა დამოკიდებული უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ“ – აღნიშნა იურგენ კლოპმა.





