ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი სუპერმატჩით გაიხსნა, რომელშიც „რეალმა“ მადრიდში „ლივერპული“ მიიღო და სოლიდური სხვაობით – 3:1 დაამარცხა.
ინგლისურმა გუნდმა საშინლად ითამაშა და პირველ ტაიმში მეტოქის კარის ჩარჩოში საერთოდ ვერ დაარტყა. ტიბო კურტუას 45 წუთი საქმე არ ჰქონია. მეორე ტაიმში მერსისაიდელები ოდნავ გააქტიურდნენ და სალაჰმა ანგარიშიც გაქვითა.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული იყო იურგენ კლოპი. „ლივერპულის“ თავკაცი აღიარებს, რომ რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
„მეტოქეს პრობლემები საერთოდ ვერ შევუქმენით. ეს იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთი არ გვითამაშია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა თუ გსურს, მაშინ მეტად უნდა მოინდომო. დღეს ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია.
ცუდი მატჩი გვქონდა. დღეს ორი ნათელი წერტილი დავინახე – სალაჰის გოლი და ის, რომ ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა. ამიტომა ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის.
განმეორებით მატჩში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეტი სისწრაფე და სიზუსტე გვმართებს. მარტივ სიტუაციებში ბურთი არ უნდა დავკარგოთ, რაც დღეს ხდებოდა“ – ამბობს იურგენ კლოპი.




