საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად ნიდერლანდებში იმყოფება და „ნარინჯისფერებთან“ ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელიც 6 ივნისს გაიმართება.
33 წლის გამოცდილი ქართველი მცველი ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ სამშობლოში რომ დაბრუნდა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავს ძველი ამბავია. კაშიამ ეროვნული ლიგის 14 მატჩში 4 გოლის გატანაც მოახერხა.
არ არის გამორიცხული, გურამ კაშიამ ბურთის გორება ისევ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით კაშიას თემურ ქეცბაიას „ანართოსისი“ და ვლადიმი ვაისის ბრატისლავის „სლოვანი“ იწვევენ. ვინ-ვინ და ჯვაროსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელები კაშიას შესაძლებლობებს ნამდვილად კარგად იცნობენ.
არის კიდევ ერთი ვარიანტიც. გურამ კაშიამ შესაძლოა ისევ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტოს, ოღონდ მშობლიურ გუნდში თბილისის „დინამოში“ გადაბარგდეს, სადაც მთავარ მწვრთნელად ახლახანს კახა ცხადაძე დაინიშნა.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.







