ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე „სერენსის“ ისტორიაში ალბათ ოქროს ასოებით ჩაეწერება. ამ პატარა ბელგიური გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევება უპირველესად სწორედ ჩვენებურის დამსახურებაა.
გიორგი მიქაუტაძემ მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ხოლო პლეიოფის გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში, რომელშიც ბელგიის უმაღლესი დივიზიონის საგზურის მფლობელი უნდა გამოვლენილიყო, „სერენსმა“ სტუმრად „ბევერენი“ 5:2 დაამარცხა, დუბლი კი სწორედ გიორგი მიქაუტაძემ გაიფორმა.
სასიხარულო და მისასალმებელი ამბავია, რომ გიორგი მიქაუტაძეს დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა. მართალია, შვედეთის წინააღმდეგ ის მოედანზე მცირე ხნით გამოჩნდა, თუმცა მიქაუტაძის ქომაგს სამომავლოდ დიდად ეიმედება.
20 წლის ნიჭიერ შემტევს ნაკრებში ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ უხმო. ფრანგი სპეციალისტი ერთ-ერთ გამოცემას, კერძოდ კი Dhnet-ს ესაუბრა და მიქაუტაძეზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავინიშნე, პირველი რაც გავაკეთე გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირება და საუბარი იყო. მას ჩემი გეგმების, მიზნების და ხედვების თაობაზე ვესაუბრე, რის შემდეგაც მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი არ იყო.
მისი თანხმობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ბევრი გოლი გაჰქონდა.
ისე, მე სენტ-ეტიენში დავიბადე, მიქაუტაძე კი ლიონში, თუმცა ამ ფაქტორმა მაინც ვერ შემაჩერა“ – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.





