დანიური დინამიტი ზედიზედ მეორედ აფეთქდა. ამჯერად უკვე ეგვიპტეში, სადაც ვაჟ ხელბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
მოქმედმა ჩემპიონმა, 2019 წელს მოპოვებული პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული დაიცვა. ენა არავის მოუბრუნდება თქვას დანიელებმა დაუმსახურებლად მოიგესო. ისინი, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული, პლეიოფით გაგრძელებული და ბოლოს ფინალშიც მეტოქეებს ერთი თავით თუ არა, ოდნავ მაინც აღემატებოდნენ, რამაც საბოლოო წარმატებაც მოუტანა.
გადამწყვეტ მატჩში, გულშემატკივრებმა სკანდინავიური ჯახი იხილეს. დანია შვედეთის წინააღმდეგ. უდიდესი სახელბურთო ტრადიციების მქონე ორი გუნდი ერთმანეთს საუკეთესოს წოდებისთვის დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი დანიელებს დარჩათ – 26:24.








