ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ჟენევაში მეტად წარმომადგენლობითი ტურნირი გაიმართა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აღნიშნულ ტურნირზე თვით დიადი როჯერ ფედერერი მონაწილეობდა, თუმცა ხელი მოეცარა.
ჟენევის ტურნირი 250-იან კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს კასპერ რუდი და დენის შაპოვალოვი დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, ნორვეგიელ მეჩოგნეს არც ისე დიდი ხნის წინ მიუნხენში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა და საბოლოოდ ის ტურნირი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება ჟენევას, კასპერ რუდმა, რომელიც რეიტინგის 21-ე ნომერია იდეალურად ითამაშა და ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა. რუდმა შაპოვალოვს 7:6, 6:4 მოუგო და კარიერაში მეორე ტიტულს დაეუფლა.
ჟენევაში გამარჯვებით და მოპოვებული 250 ქულით კასპერ რუდი რეიტინგშიც დაწინაურდება და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდება.





