საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ პრეს-კონფერენციაზე, ხმაურის ფონზე ჩატარებულ არჩევნებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრა:
„ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა და რაგბის კავშირს პრეზიდენტი ჰყავს. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. აბუსერიძის მხარდამჭერებს მივმართავ, ძალადობის გარეშე მოხდეს ყველაფერი, რადგან ეს მათ აზიანებს.
მე მათი მხარიდან ილია ზედგინიძე დავასახელე რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, რადგან ის განათლებით გამოვარჩიე. დროებითი გამგეობის წევრებად სხვებიც დავასახელე, მათ შორის ორი ქალბატონი. თუ ისინი სასამართლოსა და კანონს არ დაემორჩილებიან, რაგბის თემის გარეთ დარჩებიან.
სიცრუე იყო რაც ქედის გუნდის შემთხვევაში მოხდა, 7 თვის ბავშვის საკითხი გამოიყენეს. არმიის კლუბის გუშინ შეცვლილ პრეზიდენტზე მათ ჰკითხეთ. ირაკლისა და მისი მომხრეებიდან ბევრი სიცრუე იყო, ვინ იყო მოსული ჩემ მხარდასაჭერად, იმათაც პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ ყოფილა.
თანამშრომლობისთვის ყველასთან მზად ვარ, ცხადია ურთიერთობა კონსტრუქციული უნდა იყოს. 30-40 ათასი მორაგბეა, აქ კი 300-500 იყო მოსული, ისინი უმცირესობაში არიან.
საქმის მიმართ ძალიან მძიმედ ვარ განწყობილი, დაახლოებით 6 მილიონი ლარია ვალი. არ ვიცი, რაგბის კავშირში არც ვყოფილვარ, დოკუმენტები უნდა ვნახო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შევკრებ გამოცდილ მწვრთნელებს, ისინი შეაფასებენ გაწეულ მუშაობას”, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.








