რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი იოსებ ტყემალაძე, „იმედის დილას“ სტუმრობდა. მან მიმდინარე მოვლენები შეაფასა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მან აღნიშნა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს კონკურენტებთანაც, ვინაიდან ფედერაციის წარმატებისთვის, სწორედ თანამშრომლობაა აუცილებელი.
„სარაგბო სახელი როგორც შიგნით, ისე – გარეთ დავაზიანეთ, ნუღარ გავაკეთებთ უარესს. ვიყოთ მშვიდობიანად. ჩემს მომხრეებს, რომლებიც არჩევნებზე მოვლენ, მინდა ვუთხრა, რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩავატაროთ. გავაფორმოთ ეს გამარჯვება და სწრაფად დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც არსებობს.
ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსა და გულშემატკივარს წინსვლა და ვაჩუქოთ ის სიხარული, რომელიც, მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენმა ნაკრებმა გვაჩუქა. ჩემს კონკურენტებსაც ვთავაზობ თანამშრომლობას, თუმცა თუ ვინმე ძალადობასა და რაიმე ტყუილში იქნება, მათთან ვერ ვითანამშრომლებ. ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, შეიძლება, მენეჯმენტში ორჯერ მეტი ადამიანი გვჭირდებოდეს.
ისედაც მწირი არჩევანი გვაქვს და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თანამშრომლობის საშუალებას გააქრობს. როგორც იცით, ფედერაციის პრეზიდენტის წინა არჩევნებზე კვორუმი არ შედგა. მე მქონდა მხარდამჭერების 43 ხმა. 10 მარტს დაგეგმილი არჩევნებისთვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის 50%, რაც არის 37 ხმა. ჩემს ხმებს სხვა ხმებიც შემოემატება. მაყურებელი და გულშემატკივარი ჩემთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე მიიღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.








