2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში, ესპანეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ახლა რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ნოემბრის ბოლომდე შორია და არ ვიცით, როგორი შემადგენლობები ეყოლებათ როგორც ჩვენს მეტოქეებს. თამაშების ნაწილი ევროლიგის კალენდართან კვეთაშია და ზუსტად არ ვიცით, ასეთ პერიოდებში გვეყოლება თუ არა ამ საკლუბო ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეები. ასევე არ ვიცით, როგორი პანდემიური ფონი იქნება ნოემბერში და რომელი ნაკრები რამდენ კალათბურთელს შეკრიბავს.
ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევია. განსაკუთრებით ესპანეთი და უკრაინა. ესპანეთი მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა და ამას შედეგებით ყოველ უმაღლესი რანგის ტურნირზე ამტკიცებს. უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია, როცა სრული შემადგენლობითაა. ჩვენ ეს პირადად გვაქვს გამოცდილი, როცა 2017 წლის ევრობასკეტზე უკრაინასთან დავმარცხდით და ჯგუფიდან ამის გამო ვერ გავედით. მაშინ უკრაინას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდით ვიყავით.
ჩრდილოეთ მაკედონიას კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ რაკი აქამდე მოვიდა, ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.ყველა მეტოქესთან ბრძოლა გველის და ჩემი შეფასებით, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
ჩვენი მიზანი არის ჯერ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. თუკი ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, მხოლოდ მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. არაპროფესიონალურად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რა იქნება მომავალში, არაა სწორი გათვლების ღიად გაკეთება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და წარმატებასაც მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ”.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მეორედ იასპარეზებს.








