მიუნხენის „ბაიერნი“ არა მხოლოდ ამ წყვილის, ზოგადად ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რომ არის ამაში ალბათ ახალი არაფერია. „რეკორდმაისტერი“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულიც არის და ტიტულის შესანარჩუნებლად მორიგი მძლავრი ნაბიჯი გადადგა.
მიუნხენურმა გრანდმა იტალიურ „ლაციოს“ ორი მატჩის ჯამში 6:2 აჯობა. რომში 4:1 გამარჯვების შემდეგ ყველაფერი გაირკვა და საპასუხო დაპირისპირება ფორმალობად იქცა. „ბაიერნმა“ გულშემატკივრები არც ამჯერად გააწბილა და მეტოქეს მოკრძალებულად, მაგრამ მაინც მოუგო – 2:1. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და ჩუპომოტინგმა გაიტანეს.
„მართალია, პირველი მატჩი სოლიდური ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ დღეს წარმატებაც ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ამიტომაც ყველა მატჩში ბოლომდე დახარჯვა გვმართებს.
მიუხედავად იმისა რომ ვიგებდით და არაფერი გვემუქრებოდა გოლის გაშვებამ მაინც გამაბრაზა. ჩვენ შეტევაში ძალიან რისკიანად ვთამაშობთ და მსურს მომავალშიც ასე გავაგრძელოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი კარგად არ დავიცვათ. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ მაქვს, რომ გოლს არ გავუშვებთ, მაგრამ ჩემი სურვილია ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ“ – თქვა ჰანს დიტერ ფლიკმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.





