საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ბრატისლავას “სლოვანის” ფეხბურთელმა გურამ კაშიამ, კვიპროსულ გამოცემა kerkida-სთან, ნიკა კაჭარავას მიმართ მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
“ქართველი მოთამაშეების მატჩებს სულ ვუყურებ. როცა შანსი მაქვს, ეროვნულ გუნდში ჩემი თანაგუნდელების თამაშების სანახავად ევროპაში ვმოგზაურობ. აპოელი – ომონიას მატჩზე წასვლა ნიკა კაჭარავასაც შევთავაზე. მას ეცალა და ჩვენთან ერთად წამოვიდა.
მეგობრის გოლი ყოველთვის მახარებს. ნიკა კაჭარავას კი ჩემს რეაქციაზე გაეცინა. ნიკას პირბადე მთელი თამაშის მანძილზე ეკეთა და ვიდეოს გადაღებამდე ჩემი თხოვნით მოიხსნა. მან ამ ფაქტის გამო სამსახური დაკარგა.
თავს ძალიან ცუდად და დამნაშავედ ვგრძნობ. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემს აღნიშვნაზე მისი უწყინარი ღიმილი ასეთ სერიოზულ საკითხად გადაიქცა. ქვილითაიას გოლი ჩემ წინააღმდეგ რომ გაეტანა, გულის სიღრმეში ისიც გამიხარდებოდა. ქართველებს ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს. ანორთოსისმა გადაწყვეტილება ხალხის რეაქციაზე დაყრდნობით მიიღო.
ნიკას, პირველ რიგში, მოვუბოდიშე და ავუხსენი, მომხდარის გამო თავს რამდენად ცუდად ვგრძნობდი. ოჯახებით ვმეგობრობთ, მამამისი ჩემი მწვრთნელი იყო. ნიკამ ღირსება იმაშიც გამოავლინა, რომ მომხდარში არც კი დამადანაშაულა, მიაჩნია, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია და რაღაც ვერ გაიგეს. ჩემი ბოდიშიც კი არ მიიღო, არ მიიჩნევს, რომ ბოდიში მოსახდელი მაქვს”, – განაცხადა გურამ კაშიამ.





