საქართველოს ეროვნულ ლიგაში უკვე ორი ტური გაიმართა. რა თქმა უნდა, გულშემატკივარს აქვს მოლოდინი, რომ ის საინტერესო და დაძაბული ბატალიებით დახუნძლული გამოდგება. მრავალწლიანი უცხოური ეპოპეის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას დაიცავს.
გადაცემაში „სპორტი იმედზე“ გურამ კაშიამ არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა. ერთ-ერთი კი არჩევანის „ლოკომოტივზე“ გაკეთება იყო, რამაც შესაძლოა თბილისის „დინამოს“ ქომაგები გაანაწყენა.
„რატომ ლოკომოტივი და არა დინამო? არაფერი პირადული ან განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, დინამო ჩემთვის ბევრს ნიშნავს, იქიდან დაიწყო ჩემთვის საფეხბურთო თავგადასავალი და ამ გუნდს მუდამ წარმატებებს ვუსურვებ.
უბრალოდ შემოთავაზებების მოლოდინში ვიყავი. რამდენიმე გუნდიდან ველოდი წინადადებებს. ლოკომოტივისგან მივიღე თანხმობა რომ დამელოდებოდნენ. შემდეგ ისე მოხდა, რომ გუნდს შეკრებაზე გავყევი ესპანეთში, რომელიც ძალზედ კარგი და ნაყოფიერი გამოდგა.
ვფიქრობ, როდესაც ამა თუ იმ გუნდს უცხოურ შეკრებაზე გაყვები, შემდეგ იქ არ დარჩენა და სხვა კლუბზე ფიქრი არასწორი ნაბიჯია. ესეც რომ არ იყოს, ლოკომოტივში მომეწონა ატმოსფერო, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და მეგობრული გარემო. ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდში ყოფნა.
დიახ, ყველამ იცის, რომ დინამო ჩემი გუნდია და გულში მეყოლება მუდამ, მაგრამ ამჟამად ლოკომოტივის ფეხბურთელი ვარ და მაქსიმუმს გავიღებ მისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრა იქნება“ – აღნიშნა გურამ კაშიამ.





