საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ ესპანეთთან მატჩამდე ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ნებისმიერი ფეხბურთელი ყოველთვის მზადაა ისეთ ძლიერ გუნდთან თამაშისთვის, როგორიც ესპანეთია. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, მაგრამ პირველი თამაში თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.
ვეცდებით თავდაჯერებულად ვიბრძოლოთ და ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩისგან განსხვავებული თამაში ასევე საკმაოდ შეცვლილი ესპანეთის წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე გავლენ, ყველაფერს შეეცდებიან, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
კოსოვოს ნაკრებთან ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და არა მხოლოდ დაცვაში. თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად გვჭირდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველა რგოლს შეეხება, მაგრამ ჩვენ ბევრ ისეთ დადებით თვისებებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც გაგვაჩნია. პირველი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, ვიდრე 2 სექტემბერს აჩვენეს“, – განაცხადა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით.





