„ეროვნული ლიგის“ მე-19 ტურში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „დილამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
გორელებმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და გოლის გატანაც მალევე შეძლეს, თუმცა თორნიკე კაპანაძეზე მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლიც გაუქმდა. ამის შემდეგ, გუნდებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, „დილამ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 54-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. ვანდერსონის აქტიურობის შემდეგ, კაპანაძემ ეფექტური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ერთანეთის წინააღმდეგ გოლის გატანა ვერ შეძლეს და საბოლოოდ, გორელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
19 ტურის შემდეგ, ანდრეი დემჩენკოს გუნდს „ეროვნულ ლიგაში“ 29 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა. რაც შეეხება გიორგი შაშიაშვილის გუნდს, ქობულეთელები 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.
მომდევნო ტურში „შუქურა“ აჭარულ დერბიში ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, გორის „დილა“ კი „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.








