სარაგბო კლუბ „ლელოს“ დიდი დიღმის ბაზაზე 14 საათზე, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა იმართება, თუმცა ის დახურულ კარს მიღმაა და იქ პრეზიდენტობის კანდიდატებსაც კი არ უშვებენ.
სხდომის მთავარი საკითხი 30 დეკემბერს ჩანიშნული არჩევნებია, მოხერხდება თუ არა მისი ჩატარება.
გარეთ მყოფი ორი კანდიდატი გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე სხდომაზე შეშვებას ითხოვენ, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის გამო მათ აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა არჩევნების ჩატარებას ხელი კიდევ ერთხელ შეეშალოს.
გოჩა სვანიძემ მედიასთან ოფიციალური განცხადება გააკეთა:
„მე არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ გამგეობის წევრიც ვარ, ამის ნახვა რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზეც არის შესაძლებელი.
არ ვიცი შიგნით მყოფი ადამიანები რითი ხელმძღვანელობენ, ალბათ თავიანთი შეხედულებით, ასე უნდათ კრების ჩატარება?!
ეს სხდომა ლეგიტიმური ვერანაირად იქნება და საერთოდაც, რატომ არ ტარდება ის რაგბის კავშირის ოფისში?
არჩევნების გადადება მათ ინტერესშია, ვინც ამ სპორტის განვითარებაზე არ ფიქრობს, ერთი წელია რაგბის დროებითი ხელმძღვანელობა ჰყავს, ისინი ვერ დაგეგმავენ ვერაფერს, თანაც 3 წელში მსოფლიოს თასი ტარდება და რა უნდა გაკეთდეს დღემდე არავინ იცის.
ვისაც წარმოდგენა არ აქვს რაგბის რა სჭირდება, ეს ყველაფერი მის ინტერესშია, ვიღაცეებს მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებთ, მე პირადი ამბიცია ცხოვრებაში არ მქონია.
იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლას მე ნუ მასწავლიან, ისინი ერთ-ერთი კანდიდატის, ბაჩო ხურციძის განცხადების საფუძველზე შეიკრიბნენ, რაც არ მესიამოვნა, უმთავრესი არიან კლუბები, სწორედ მათ სურთ არჩევნების დათქმულ დროს ჩატარება.”








