საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის ლიდერი შვედეთი ბათუმში 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა “МУХА” -თან კომენტარი გააკეთა.
„როდესაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი უნდა მქონოდა ტრავმა მივიღე. ჯერ კიდევ მაშინ უნდა შემეცვალა მოქალაქეობა.
ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ. უკრაინა ჩემი მეორე სახლია. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვუღალატე. მე პირველ რიგში ქართველი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა დინამოში მეთამაშა. მაშინ უკრაინის ჭაბუკთა ლიგებში ლეგიონერს თამაში არ შეეძლო. მკითხეს, უკრაინაში თუ მყავდა ნათესავი. ვუპასუხე, რომ ბებიის ხაზით მყავდა და მთხოვეს, შემეცვალა მოქალაქეობა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში თამაში გადამაწყვეტინა, პაპაჩემი იყო. მას ეს ძალიან სურდა. როდესაც ის გარდაიცვალა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე“, – განაცხადა გიორგიმ.





