გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფის ლიდერ იტალიურ დინამო სასარის უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 115:85.
გამარჯვებაში ლომის წილი შერმადინმა დაიდო. მან მოედანზე არასრული 20 წუთი დაჰყო, თუმცა ეს საიმისოდ საკმარისი აღმოჩნდა, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.
19:51 წუთში ქართველმა ცენტრმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა.
ტენერიფელთაგან ასევე გამოირჩნენ ბრუნო ფიტიპალდო, ფრან გუერა და ტაილერ კავანა, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. შერმადინის მომმარაგებელ მარსელინიო უერტასის ანგარიშზე 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის, ანუ პლეი ოფში თამაშის გარანტია მიიღო. ტენერიფელებს 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ და ჯგუფის ბოლო მატჩს 20 იანვარს, დანიაში, ბაკენ ბიარსთან ჩაატარებენ.
გათამაშების სისტემის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდიდან (8 ოთხგუნდიანი ჯგუფი) პლეი ოფში 16 საუკეთესო გავა. შედგება 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი და თამაშები მიმოსვლით გაიმართება. თითო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი, ანუ ჯამში 8 გუნდი რვათა ფინალში გავა, რომელიც, წინა გათამაშების მსგავსად, ანტიკორონავირუსული რეგულაციების დაცვით, ბაბლის პრინციპით ერთ ქვეყანაში ჩატარდება.




