ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ ლელოს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გაწეული სამუშაოები შეაფასა.
ამ ეტაპზე ვილი სანიოლის გასაკრიტიკებლად ენა არ მომიბრუნდება. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს საქართველოში რომ ცხოვრობს. ეს კარგად განაწყობს მის მიმართ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარსაც.
მეორე – ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს აზრი დაუბრუნა. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულია საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელისთვის ის, რომ სანაკრებო შანსი ეძლევა.
ძალიან მომწონს ისიც, რომ სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებში ძლიერ მეტოქეებს ეთამაშება. ადრე ჩვენ უფრო სუსტ მეტოქეებს ვირჩევდით სპარინგ-პარტიონერაბდ. ამასაც შიძლება ჰქონდეს თავისი ახსნა – ჩვენ გვჭირდებოდა გამარჯვებები თუნდაც თავდაჯერების კუთხით.
სანიოლის დადებით მხარეზე მეტყველებს ისიც, რომ არ ერიდება ექსპერიმენტებს. სად უნდა გამოსცადო ახალი ფეხბურთელები, თუ არა ამხანაგურ მატჩებში? რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო ორ შევედრაში აკლდა ნაკრებს და გუნდი უფრო გაძლიერდება – ამბობს გიორგი დევდარიანი








