გადაწყვეტილი ამბავია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს თელავში გამართავს. ნუ დაიბნევით, საუბარია რაგბის ეროვნულ გუნდზე, რომელიც ტურნირის დასკვნით შეხვედრას სწორედ კახეთის მთავარ ქალაქში ითამაშებს და შესაბამისად ქართველი მორაგბეები ამ ჯილდოსაც მეცამეტედ ჩაიხუტებენ.
სასიამოვნოა, რომ რაგბის კავშირმა გეოგრაფიის გაზრდა გადაწყვიტა და ბორჯღალოსნებიც, რომლებიც იშვიათი გამონაკლისის გარდა ძირითადად სანაკრებო მატჩებს თბილისში მართავდნენ, ამჯერად თელაველი გულშემატკივრების წინაშე წარდგებიან.
თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი 2018 წელს „ქართუ ჯგუფმა“ ააშენა, რომელიც მართლაც რომ კოხტა და ლამაზი კომპლექსია. ამჟამად იქ თელავის საფეხბურთო გუნდი თამაშობს.
2021 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნების მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის. ლევან მაისაშვილის შეგირდები თელავში ნიდერლანდებს დაუხვდებიან თუ ბელგიას 29 მაისს გაირკვევა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ თელავში სანაკრებო დაპირისპირება არცერთ სახეობაში არასოდეს გამართულა და ეს პირველი შემთხვევა იქნება.





